ყვავილები ყოველთვის იყო და რჩება სილამაზის, სიხარულისა და განსაკუთრებული მომენტების სიმბოლოდ. თუმცა, ხშირად თაიგული, რომელსაც ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მალევე ჭკნება და კარგავს ბრწყინვალებას. ეს პრობლემა მარტივად მოგვარდება, თუ რამდენიმე მნიშვნელოვან წესს გავითვალისწინებთ.
ამ სტატიაში, Lilat Flowers გვიზიარებს პრაქტიკულ რჩევებს, როგორ მოვუაროთ თაიგულს, რათა დიდხანს დავტკბეთ მათი მშვენიერებით.
წყლის სისუფთავე და ყვავილების მორწყვის სწორი რეჟიმი
ყვავილების სიცოცხლის გახანგრძლივების მთავარი საიდუმლო სუფთა წყალია. მცენარის ღეროები წყალს შთანთქავს კაპილარული სისტემით (ეს არის მცენარის ბუნებრივი მექანიზმი, რომლითაც წყალი და საკვები ნივთიერებები მოძრაობს ფესვებიდან ყვავილამდე). თუ წყალი ბინძური, ან არასაკმარისია, ღეროებში ბაქტერიები მრავლდება და ყვავილები სწრაფად ჭკნება.
- ნაზი ყვავილები, როგორიცაა ტიტები და ნარცისები, სუფთა წყალს განსაკუთრებულად საჭიროებენ.
- თაიგულისთვის საუკეთესოა ოთახის ტემპერატურის (18-22°C) წყალი. ძალიან ცივი წყალი აფერხებს მცენარის კვებას, ხოლო ძალიან ცხელი, ღეროს აზიანებს.
- ახალი წყლის შევსებისას ღეროები ირიბად უნდა მოიჭრას (დაახლოებით 45°-იანი კუთხით). ასე წყლის შთანთქმის უნარი იზრდება და ყვავილი უფრო დიდხანს ძლებს.
- მაღაზიებში იყიდება სპეციალური საკვები ხსნარები, რომლებიც შეიცავს შაქარს (ენერგიისთვის) და ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს. სახლის პირობებშიც, თქვენ შეგიძლიათ წყალში 1 ჩაის კოვზი შაქარი ან რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი დაამატოთ. ლიმონის მჟავა ბაქტერიების გავცელებას აფერხებს და ყვავილების სიცოცხლეს 20-30%-ით ზრდის.
გაითვალისწინეთ:
- ვარდები საჭიროებენ მეტ წყალს, მათ ღეროებში სწრაფად ვრცელდება ბაქტერიები, ამიტომ ხშირად უნდა გადაჭრათ.
- ორქიდეებს ნაკლები წყალი სჭირდება; საუკეთესო შემთხვევაში, სუფთა, გაფილტრული ან მინერალურ წყალი გამოიყენეთ.
- ტიტები ლარნაკშიც კი იზრდებიან, ამიტომ სჯობს წყალი შედარებით ნაკლები რაოდენობის იყოს, რათა ღეროები ზედმეტად არ გადაიხაროს.
განათება და ადგილმდებარეობის შერჩევა თაიგულისთვის
თაიგულები ძალიან მგრძნობიარეები არიან როგორც სინათლის, ასევე გარემოს მიმართ. მათი სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის აუცილებელია შესაბამისი განათება და სწორ ადგილზე განთავსება:
- მზის პირდაპირი სხივები ყვავილებს აშრობს და სწრაფად აჭკნობს. თაიგული ფანჯარასთან ახლოს დადგით, თუმცა, არა მზის ქვეშ.
- ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება ყვავილების ყველაზე დიდი მტერია, ამიტომ გამათბობლებისა და კონდიციონერებისგან შორს მოათავსეთ.
- დახუთულ გარემოში ყვავილები სწრაფად კარგავს სიმკვრივეს, ამიტომ სასურველია, თაიგული იქ მოათავსოთ, სადაც ჰაერის ცირკულაცია ხდება.
საინტერესოა, რომ მზესუმზირას თაიგული სახლში დადგმის შემდეგაც “უმზერს” მზეს, თითქოს პატარა კომპასივით მუშაობდეს.
ღეროების მოვლა – ყვავილების პატარა საიდუმლო
ყვავილის ღერო მცენარის სასიცოცხლო არხია, რომელიც წყალსა და მინერალებს აწვდის ფოთლებსა და ყვავილის კვირტს. სწორედ ამიტომ, თაიგულის სიცოცხლის გახანგრძლივების მთავარი სტრატეგია ღეროს მოვლაა.
- ლარნაკში მოთავსებამდე ღერო უნდა მოიჭრას ირიბად 1-2 სმ-ით, დაახლოებით 45° კუთხით. ასე იზრდება ზედაპირის ფართობი, საიდანაც წყალი შედის. ღერო არ უნდა მიეკრას ლარნაკის ფსკერს, რათა არ შეეზღუდოს წყლის შეწოვა.
- გადაჭრა უმჯობესია მოხდეს პირდაპირ წყალში, რათა ჰაერის ბუშტუკებმა (ე.წ. ემბოლიებმა) ღეროს არხები არ დაბლოკოს. ეს მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვარდებისთვის.
- წყალში დარჩენილი ფოთლები სწრაფად ლპება და ბაქტერიებს წარმოქმნის. ეს პროცესი არა მხოლოდ წყალს აბინძურებს, არამედ ღეროს არხებსაც ხურავს. ამიტომ ფოთლები ღეროს უნდა მოვაშოროთ იქამდე, სადამდეც წყალი ფარავს.
გაითვალისწინეთ, ვარდებს ხშირად სჭირდება ღეროს გადაჭრა (2-3 დღეში ერთხელ), გადაჭრის შემდეგ, სასურველია, ღერო თბილ წყალში ჩაალბოთ 1-2 წუთით. ტიტებსაც სჭირდებათ ღეროს ხშირად ჭრა, რათა ფორმა და სიმკვრივე შეინარჩუნონ. ორქიდეებისთვის კი სასურველია თუ გრძელ ღეროს დაუტოვებთ, ლარნაკიც სპეციფიკურად მისთვის უნდა შეარჩიოთ, სადაც ღეროს დიდი ნაწილი წყლის ზემოთ იქნება.
ღეროები შედგება ქსილემისა და ფლოემის ქსოვილებისგან. ქსილემა მცენარეს წყალსა და მინერალებს აწვდის ფესვებიდან ფოთლებამდე, ხოლო ფლოემას ფოტოსინთეზის შედეგად წარმოქმნილი საკვები ნივთიერებები (მაგალითად, შაქრები) გადააქვს ფოთლებიდან მცენარის სხვა ნაწილებში. თუ ღეროს ჭრილი არასწორადაა გაკეთებული ან წყალი ბინძურია, ქსილემა იბლოკება, რის გამოც ყვავილი „შიმშილობს“ და სწრაფად ჭკნება.
ნიადაგი და გადანერგვის დრო ქოთნის ყვავილებისთვის
თუ საჩუქრად ქოთნის ყვავილი მიიღეთ, მისი მოვლა ცოტა განსხვავებულ ყურადღებას მოითხოვს. ქოთნის მცენარეები ნიადაგიდან იღებენ ყველა საჭირო ნივთიერებას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მიწა იყოს ფხვიერი, ჰაერგამტარი და ტენიანობის შენარჩუნების უნარით, თუმცა ზედმეტად ბევრ წყალს არ უნდა იგროვებდეს. სწორედ ამიტომ, ხშირად იყენებენ პერლიტს, ვერმიკულიტს ან ქვიშას, რაც ნიადაგს მსუბუქსა და ჰაეროვნს ხდის.
მცენარის სახეობაზეა დამოკიდებული, როგორი ნიადაგი სჭირდება:
- მაგალითად, ორქიდეებისთვის საუკეთესოა ქერქისა და ხის ბოჭკოს ნარევი, ორქიდეის ფესვები ბუნებრივ გარემოში მიწაში კი არ არის ჩაფლული, არამედ ხეების ტოტებზე ან ქერქზეა მიმაგრებული და ჰაერშია განთავსებული. ასეთ პირობებში ფესვები პირდაპირ იღებს ჰაერს, ტენიანობასა და საკვებ ნივთიერებებს წვიმისა და ნამისგან, ამიტომაც მათთვის აუცილებელია ჰაერგამტარი, მსუბუქი ნიადაგი ან სპეციალური ნარევი, რათა არ დალპეს.
- კაქტუსებსა და სუკულენტებს ქვიშისა და ქვის შემცველი მსუბუქი ნიადაგი უხდებათ, რომელიც წყალს სწრაფად ატარებს.
- ყვავილოვანი მცენარეები, როგორიცაა ია, აზალია ან ბეგონია, ორგანული ნივთიერებით მდიდარ მიწაში საუკეთესოდ გრძნობენ თავს.
გადანერგვა უმჯობესია გაზაფხულზე, როცა მცენარე აქტიურ ზრდას იწყებს. ზოგჯერ გადანერგვა ფესვების ზრდის მიხედვითაც ხდება: თუ ფესვები ქოთნის ძირში ან ზედაპირზე ჩანს, ეს უკვე ნიშანია, რომ მცენარეს მეტი სივრცე სჭირდება. ახალგაზრდა მცენარეები განსაკუთრებით სწრაფად იზრდებიან და მათთვის შესაძლოა გადანერგვა წელიწადში ორჯერაც გახდეს საჭირო.
სასუქების გამოყენება გაზაფხულსა და ზაფხულში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ პერიოდში მცენარე ყველაზე მეტად საჭიროებს ფოსფორს, კალიუმსა და აზოტს. ბუნებრივი ალტერნატივებიც არსებობს, თუმცა ნაკლებად ეფექტურია, მაგალითად, ყავის ნალექი, კვერცხის ნაჭუჭი ან ბანანის ქერქი. ზამთარში მცენარე ისვენებს და სასუქი ან საერთოდ არ სჭირდება, ან მინიმალურად უნდა დაემატოს.
ფესვები მუდმივად ამუშავებენ გარემოს, გრძნობენ ნიადაგის ტენიანობასა და ბალანსს, აკონტროლებენ წყლისა და მინერალების მიწოდებას. საინტერესოა, რომ ფესვები ერთმანეთთან ქიმიური სიგნალებითაც “საუბრობენ”. ქოთნის მცენარეები არა მხოლოდ ჟანგბადს გამოყოფენ, არამედ ოთახის ჰაერსაც ასუფთავებენ ტოქსინებისგან, რაც კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც ღირს მათი სწორად მოვლა.
ტემპერატურის რეჟიმი და ზამთრის მოვლა ყვავილებისთვის
ზამთარში მცენარეებს განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდებათ: ტემპერატურა უნდა იყოს ზომიერი, დაახლოებით +18-22°C, აუცილებელია ჰაერის ცივი ნაკადებისგან დაცვა. ჰაერის ძალიან დაბალი ტენიანობა ყვავილებს ახმობს. ამიტომ სასურველია ოთახში დამატენიანებლის ან წყლის ჭურჭლის გამოყენება.
ყვავილების მაღაზია Lilat Flowers გირჩევთ:
მიუდექით ყვავილებს ისეთივე სიყვარულით, სითბოთი და სიფრთხილით, როგორითაც ისინი ამშვენებენ თქვენს სახლს. ასე თქვენი თაიგულები გახდება არა მხოლოდ დეკორაცია, არამედ ყველანაირი მშვენიერების წყაროც.
დაგვიკავშირდით:
მისამართი: 2 ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა, თბილისი 0182
ტელეფონი: 577 05 42 83